საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, საპატრიარქოს ტერიტორიაზე არსებულ მონასტერში რამდენიმე მონაზონს კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა მონასტერს შეხება არ აქვს იმ შენობასთან სადაც პატრიარქის რეზიდენციაა განთავსებული. მათივე თქმით, პატრიარქის პირადი ექიმი ამბობს, რომ ილია მეორე თავს დამაკმაყოფილებად გრძნობს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს საპატრიარქოში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს, თუმცა, როგორც ინფორმაცია გავრცელდა, "სრული კარანტინი" არ არის.
“დღეს ,,მთავარი არხის" ეთერში საზოგადოებამ იხილა სიუჟეტი საპატრიარქოში კორონავირუსის გავრცელების გამო ,,სრული კარანტინის გამოცხადების" შესახებ.
გვინდა, განვმარტოთ, რომ საქართველოს საპატრიარქოში გარკვეული შეზღუდვები დაწესებულია და მოქმედებს პანდემიის დაწყების დღიდან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ამასთან, ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ მაქსიმალურად ვიცავდით მედიკოსების რეკომენდაციებს.
პანდემიური ვითარების სირთულიდან გამომდინარე, სხვადასხვა დროს სხვადასხვა სიმკაცრის შეზღუდვები მოქმედებდა. დღეისათვის საპატრიარქოში ეს შეზღუდვები გამკაცრებულია, თუმცა შეუფერხებლად და შეუზღუდავად მუშაობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, სტუდია ,,გზაგასაყართან" ამზადებს გადაცემებს, მუშაობს კანცელარია, სამდივნო, პენიტენციურ სამსახურთან ურთიერთობის განყოფილება. შეზღუდვები მართლაც არის, თუმცა ,,სრული კარანტინი" გაზვიადებული განსაზღვრებაა.
საპატრიარქოს ტერიტორიაზე არსებულ მონასტერში სასულიერო პირების დაინფიცირების საკითხთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ რამდენიმე მონაზონს ნამდვილად დაუდასტურდა კორონავირუსი.
აქვე აღვნიშნავთ, რომ მონასტერი იზოლირებულია და შეხება არ აქვს იმ შენობასთან, რომელშიც განთავსებულია პატრიარქის რეზიდენცია.
რაც შეეხება ამჟამად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მისი პირადი ექიმის, ქალბატონი ცისანა შარტავას თქმით: ,,იგი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს". დამაკმაყოფილებელია საპატრიარქოს მონასტერში მყოფი მონაზვნების ჯანმრთელობის მდგომარეობაც და რამდენიმე დღეში მათი იზოლაციის პერიოდიც დასრულდება.” - ნათქვამია განცხადებაში.